საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.
2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი გაითვალისწინა.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავარი ნაწილი სოციალური მიმართულების ხარჯებია. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ როგორც პედაგოგებს, ისე ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯარისკაცებს.
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სესიაზე განხილვას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ითვალისწინებს თითქმის მილიარდ ასი მილიონით მეტის დახარჯვას მომავალს წელს, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხელფასები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პოლიციელების, ჯარისკაცებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითქმის სამი მილიარდ შვიდასი მილიონი არის გამოყოფილი ეკონომიკური პროექტებისათვის. ასევე, კორექტირებული არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, განსხვავებით პირველად ვერსიისაგან და ეკონომიკური ზრდა არის ნაჩვენები 4,5 პროცენტით. ბუნებრივია, იქნება კითხვები. კითხვები აქვთ უმრავლესობის წევრებს, ექნებათ ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს და თუ იქნებიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებიც. ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ფინანსთა მინისტრისაგან. მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული ის წინადადებები, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ უჭერს. ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.