ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის სამი კვარტლის ჩათვლით, თბილისზე ნაწილდება, ხოლო ყველაზე მცირე მოცულობა გურიის რეგიონზე.
კვლევის შედეგებზე „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ესაუბრა.
„კერძოდ, 2019 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 570 მილიონზე მეტი მხოლოდ თბილისზე მოდის. თბილისის შემდგომ მოდის აჭარა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 110 მილიონს აღემატება. ყველაზე მცირე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში განხორციელდა. გურიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ანალოგიურ პერიოდში 2.5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 3.5 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.
ამასთან, გასული სამი წლის, 2016-2018 წლის ანალიზი აჩვენებს ანალოგიურ მდგომარეობას, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თბილისზე მოდის (ოთხი მილიარდის ფარგლებში), შემდგომ ადგილს კვლავ აჭარა იკავებს (თითქმის 400 მილიონი) ხოლო ყველაზე მცირე ინვესტიციები გურიაში განხორციელდა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.