ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა 1 თვით აღდგა, ავტობუსები დროებით ძველ მარშრუტებს დაუბრუნდნენ

930

თბილისის მერიის ცნობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა. 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება. 8 იანვრიდან კი, საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, “რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია”.

8 იანვრამდე ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:

ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც.

ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ.

აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება.

კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება.

ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე – კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე.

ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება.

ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59, N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდნენ და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.