გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობას 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. უკვე განხორციელებული პროექტები კარგია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ მომავალზეც, თუ რას ვგეგმავთ შემდეგ წელს. 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება, ვინაიდან უფრო გაზრდილი ბიუჯეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს. ვიცი, რომ ბევრია გამოწვევა, პრობლემა არა მხოლოდ გლდანში, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა.
ქალაქი აუცილებლად შეიცვლება და როდესაც ჩვენი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ყველა პროექტი თითოეული თბილისელისთვის თვალშისაცემი იქნება. ქალაქი იქნება განახლებული ინფრასტრუქტურითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ყველაზე სწრაფი და კომფორტული გახდება. გვაქვს პრობლემები, ასევე, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკოლოგიისა და მწვანე სივრცეების მიმართულებით, მაგრამ ამასაც მოვერევით და მოვაწესრიგებთ. ერთიანი ძალისხმევით, ყველა პრობლემა დაიძლევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გლდანის გამგებელმა რაიონის მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს გამგეობის ბიუჯეტი იზრდება, რომლის საშუალებითაც, ბევრად უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.
გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში რაიონის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 150 მისამართზე ჩატარდა; წყალარინების ქსელი ცხრა მისამართზე მოეწყო; ბავშვთა გასართობი მოედნები 60 მისამართზე განთავსდა; ექვს მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სკვერი; გამაგრდა საერთო სარგებლობის 30 ავარიული აივანი; ცხრა მისამართზე შშმ პირებისთვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 სპორტულ მოედანს; 57 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები; 42 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეებისა და ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე განთავსდა უსაფრთხოების მოაჯირები.
გლდანის რაიონის მოსახლეობის ჩართულობით, მეხუთე მიკრორაიონის N17–N8 კორპუსებს შორის ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 300 პროექტი დაფინანსდა; მოსახლეობის ჩართულობით, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 22 ღონისძიება გაიმართა.
ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 42 089 247 ლარი დაიხარჯა.
გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.