თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიას „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან გარკვეულ საკითხებში უთახმოება აქვს.
საქმე იმაშია, რომ 2020 წლიდან შესაძლოა თბილისში “ყვითელი მიკროავტობუსების” ჩანაცვლება დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ მთავრობის წინა სხდომაზე გააკეთა და შესაბამისი დავალება სწორედ ირაკლი ხმალაძეს მისცა.
თავის მხრივ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ხმალაძემ პრობლემის ხანდაზმულობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი არაპოპულარული გადაწყვეტილებების თავიდან არიდების მიზნით, თბილისის მერიის წინა მენეჯმენტის პირობებში მიუღებელი გადაწყვეტილება გახდა.
ვიცე-მერმა დღეს პირობა დადო, რომ 1 კვირის თავზე მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას წარმოადგენს.
„საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან; 1 კვირაა ვისმენ მხოლოდ მათ პრობლემებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მათი ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ის რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სამწუხაროდ, ჩვენამდე მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო რეაგირება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. შესაბამისად, ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა, ჩვენს პერიოდში გადასაწყვეტია. გასაგებია ის მიზეზები თუ რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში, არ იქნებოდა ეს პოპულარული, თუმცა პრობლემას თუ არ გადაწყვეტ, ის არსად გაქრება და უფრო დამძიმებულ სახეს მიიღებს.
ამოვდივართ ისევ და ისევ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, მე თქვენი მოცმული ვადიდან 1 კვირა დარჩენილი მაქვს და ამ 1 კვირაში მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას წარმოვადგენ, თუმცა ვიტყვი, რომ კომპანიასთან უთანხმოება მაქვს რაღაც-რაღაცეებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ასეულობით მილიონი ლარის ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან არ არის მიმზიდველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები დღეს მათ არ გააჩნიათ. 1 კვირის თავზე დალაგებულ წინადადებებს მოგაწვდით“, – განაცხადა ხმალაძემ.