კახეთის რეგიონული განვითარების პროექტები განიხილეს

728

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციად იქცა სამშენებლო-შემსრულებელ კომპანიებთან დიალოგის ფორმატში შეხვედრების გამართვა და მათთვის კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

“მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ასევე, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობის მიხედვით წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები და დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ რესურსების მობილიზება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.