ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მოსახლეობა თბილისში აქციას მართავს, ისინი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარებას ითხოვენ

642

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებმა, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით დღეს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან აქციები გამართეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საპროტესტო აქცია 13:00 საათზე დაიწყო. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მცხოვრებლები და ამხანაგობა „ბაკურიანი–დიდი მიტარბის“ წევრები სამინისტროებთან დარჩენას საღამომდე აპირებენ.

„ეს მიწები ამ ხალხს 90–იან წლებში აქვთ შეძენილი. აღმოჩნდა რომ რაღაც ხარვეზებია საბუთებში და დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, მარტო მე ათი კაცის სახლით უნდა ვისაუბრო აქციაზე, რახან ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენს სატკივარს ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გაუშვებს, ვიფიქრეთ იქნება უფრო მაღალ წრეებში არ მისდით ჩვენი ამბავი და ამიტომ გავმართავთ მშვიდობიან აქციებს. ვითხოვთ დოკუმენტებში ხარვეზების მოგვარებას და რა პრობლემებიცაა სახელმწიფო ორგანოებში და უწყებებში დაარეგულირონ სამართლებრივად და რამე მექანიზმი შეიმუშაონ“, – ამბობს ამხანაგობა „ბაკურიანი–დიდი მიტარბის“ თავმჯდომარე სვეტლანა თვაური.

მისივე თქმით, აქციებს რეგულარულად გააგრძელებენ. „ამას ექნება პერმანენტული ხასიათი. თუ საჭირო იქნება დიპლომატიურ კორპუსებთან, გაეროსაც მივაწვდენთ ხმას“.

ბაკურიანისა და მიტარბის მცხოვრებლებმა აქცია ბორჯომის მერიასთანაც გამართეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათ პასუხი არ მიუღიათ.