“ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. პარტიაში შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.
“ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთო კახიძე და ირაკლი აბესაძე იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ. ამასთან, კახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს.
სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტიდან, ელენე ხოშტარია კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. ამას გარდა, ზურაბ ჭიაბერაშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ტოვებს.