ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ოთხ ქუჩაზე ეწყობა.
კერძოდ, თბილისის მერიის ცნობით, გზის საფარი ლადო ასათიანისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე, ამავე ქუჩების პირველ ჩიხში, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე განახლდა. აღნიშნულ მისამართებზე მომზადდა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ბეთანიაში თითქმის არ არსებობდა მოწესრიგებული გზა. მოგეხსენებათ, ეს დისკომფორტს არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნიდა“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.
პროექტის შედეგად, ლადო ასათიანის ქუჩაზე და I ჩიხში 2 970 კვ.მ ფართობის გზა დაიგო, მურმან ლებანიძის ქუჩაზე და I ჩიხში – 4 370 კვ.მ, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის საფარი 2 540 კვ.მ ფართობზე მოეწყო, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე კი – 3 100 კვ.მ.
ოთხივე ქუჩის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.