ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა; ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო.
გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.
19 ნოემბერს, ცხინვალის КГБ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის, გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.