ახალციხეში არსებული მუსლიმური სკოლა-პანსიონი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 000 ლარით დააჯარიმა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზად, კრიტიკული შეუსაბამობა სახელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საბარგო სადგურზე არსებულ სკოლა-პანსიონს საწარმოო პროცესი უკვე 25-ე დღეა შეჩერებული აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები დაწესებულებაში 22 სექტემბერს იმყოფებოდნენ. მათ პანსიონის სამზარეულოში 280 კილოგრამი ხორცი დალუქეს და შეუსაბამობების გამო, ხელმძღვანელობას 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი, იმამი თენგიზ თავართქილაძე ამბობს, რომ პრობლემა ფორმა N2-ის უქონლობამ გამოიწვია. მსგავსი საბუთი მათ იმის გამო არ ჰქონდათ, რომ პანსიონში ხორცი შემოწირულობის გზით შედის.
„ითხოვდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ფორმა N2, მაგრამ ჩვენთან მოდის შემოწირულობა. ადამიანი ყიდულობს ცხვარს და მოჰყავს შესაწირად, ისევე, როგორც ეკლესიაში მიჰყავთ საკლავი, აქაც ეგრე ხდება. შესაბამისად, ფორმა N2 არ არსებობდა ჩვენთან. ამიტომ შეგვიჩერეს წარმოება“, – ამბობს თავართქილაძე.
მისივე თქმით, პანსიონი ოფიციალურად დარეგისტრირებული შპს-დ ან საწარმოდ არ აქვთ, რადგან იგი მოგებაზე ორიენტირებული არ არის.
„მოითხოვეს შპს-დ დარეგისტრირდითო და პირუტყვი, შესაწირი იქნება თუ სხვა რამე, დაიკლას სასაკლაოშიო. შპს რომ ჩამოყალიბდეს, ის მოგებაზე ორიენტირებულია და ჩვენ მოგებაზე არ ვმუშაობთ. შესაწირი კი ის არის, რომ ლოცვა უნდა აღვავლინოთ, ამიტომ სასაკლაოზე პირუტყვის დაკვლა ძალიან ძნელი იქნება ამ დროს. თუმცა კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვცდილობთ ახლა მოლაპარაკებების გზით გავიგოთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს მეჩეთის იმამი.
როგორც თავართქილაძე ამბობს, ხორცის გარდა, კვების ბლოკში პრობლემა უეტიკეტო პროდუქტმაც გამოიწვია: „მაგალითად, პური ფურნიდან მოგვქონდა და არ გვჭირდებოდა ოფიციალური ქართული წარწერა, ეტიკეტი ჰქონოდა. მოითხოვეს ოფიციალურად მზარეული, რომელსაც ექნება კურსები გავლილი, როგორც რესტორანს სჭირდება, ასე უნდა იყოს ყველაფერი“.
ამ დროისათვის, სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი გრძელდება, თუმცა კვების ბლოკი დახურულია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პანსიონი ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს: „15 ბავშვამდე მოდიოდა და მოდიან კიდევ. სოფლებიდან ჩამოდიან და ნათესავებთან რჩებიან. პირველ რიგში, ჩვენ ვეხმარებით სკოლის საგნების სწავლებაში და ლოცვაში, რადგანაც ჩვენ მუსლიმები ვართ და აქ მომსვლელი ყველა ლოცვას აღავლენს. დღეში ხუთჯერ ლოცვა არსებობს ჩვენთან. ბავშვების ერთი ნაწილი უფრო ადრე მოდის, მეორე ნაწილი მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ მოვა. სულ სამი პედაგოგი გვყავს“.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 45 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუჩერა საწარმოო პროცესი. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.
მუსლიმური სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათთან სააგენტო პირველად შევიდა და აქამდე არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.