პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

641

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც საპატრულო პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები გზაზე არ გადაეშვათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მაინც შეძლეს.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციას მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალე” მართავენ. აქვე იმყოფება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების ნაწილიც. ოპოზიცია საღამოს 7 საათისთვის მასშტაბურ აქციას აანონსებს.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა, კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი თავად “ქართული ოცნება” იყო, ბოლო მომენტში პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. ორდღიანი კონსულტაციების მიუხედავად, პარტია კონსესუსამდე ვერ მივიდა, რის გამოც თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შედეგად კი კენჭისყრაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვეღარ მოგროვდა.