“ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციიდან პარლამენტის წევრის, სიმონ ნოზაძის თქმით, თუ პროპორციული სისტემის პროექტი ჩავარდება, მრეწველები საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
“იქ არის რამდენიმე კოლეგა, რომლებიც პროპორციული არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგები არიან და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი კი ჩემთვის უმრავლესობის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა,” – ამბობს ნოზაძე.
მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა საჭირო არ იყო, ვინაიდან უმრავლესობის პოზიცია ნათელია და “მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი”.
მისივე თქმით, პროექტი არ ჩავარდება, რადგან ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი და “უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს”.
“ხმამაღლა შემიძლია გითხრათ, თუ ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე მრეწველებიც დადგებიან,” – ამბობს სიმონ ნოზაძე.