პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” დეპუტატებს ხვდებიან და სკანდირებენ: “სირცხვილია”. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დებატებისა და კენჭისყრის პარალელურად გამაფრთხილებელ აქციას მართავენ, რათა დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ინიციატივას.
აქციაზე უჭირავთ ბანერები წარწერით: “პირობა უნდა შესრულდეს, გადაგვაგდებთ?”, “რეფორმა საფრთხეშია”, “შეცვალე”, “ვერ გადაგვაგდებთ”, “არ გაბედო”. კვლავ ისმის სამოქალაქო პროტესტის ერთგვარი ჰიმნი: “გამოდი გარეთ”. სხდომაზე შესულ დეპუტატებს ისინი სტვენითა და შეძახილებით ხვდებიან.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლს გულისხმობს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნას ხელისუფლება არ შეასრულებს, პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. ცვლილებას “ქართული ოცნების” რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.