საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს დაემუქრა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ.
“ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატია, რომელიც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის მხრიდან. მაგალითად დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდევაც. დიტო ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება, სხვა დეპუტატები რას იზამენ, არ ვიცი”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
ცნობისათვის, უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, მმართველი პარტიის ოფისში, დღეს დილით, გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა 12:00 საათზე პარლამენტში გაგრძელდება. 12 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.