რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები) წერილი-შეთანხმება განიხილეს. საკითხი კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსმა, სოსო სხირტლაძემ გააცნო.
სხირტლაძის განმარტებით, 2015 წლის 29 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ფონდის (ADF) სასესხო ოპერაციების დასრულება და ADF-ის ოპერაციების გაგრძელება დამტკიცდა. ასევე, (ADF)-ის სესხებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების ADB-ის ჩვეულებრივ ოპერაციებში (OGR) გადატანა, რომელიც ეფექტურია 2017 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან, ADB-ის და ADF სასესხო ოპერაციები შეწყვეტილია და 2016 წლის 31 დეკემბრის თარიღისთვის ყველა ADB სესხი აღინიშნება როგორც შეღავათიანი OGR სესხები. ცვლილებები უკვე მიმდინარე სესხების ვადებსა და პირობებს არ შეეხება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაში, რომელიც ADF-ის სესხებთან არის დაკავშირებული.
ADB-ის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 6 მარტით დათარიღებულ წერილ-შეთანხმების პროექტს „სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ თაობაზე, ხელი 2017 წლის 30 მაისს მოეწერა.
კომიტეტის წევრებს მომხსენებელმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი “საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების“ შესახებ წერილი-შეთანხმება წარუდგინა.
როგორც სოსო სხირტლაძემ განმარტა, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ სასესხო შეთანხმებებში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სესხების დაფარვის ვადები მცირდება და მათი დაფარვა, უკვე არსებული საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებით, შემჭიდროებულ ვადაში მოხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე შეიქმნა ცვლილებების აუცილებლობა გაფორმებულ სასესხო შეთანხმებებში, რომლებიც დაკავშირებულია ADF-ის სესხებთან.
კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა.