გიორგი კახიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებიდან ყველამ არ დაუჭიროს მხარი

778

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებიდან ყველამ არ დაუჭიროს მხარი.

კახიანის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს შესაძლოა, დღესვე უყარონ კენჭი, თუკი დარბაზში კვორუმი შედგება.

„უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბარიერი არ იქნება, იარსებებს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი და არ იარსებებს საარჩევნო ბლოკი. აღნიშნულზე ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს. მთელი განხილვების განმავლობაში ოპოზიციისგან ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მსგავსი შეხედულებები, რადგან არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, რომ 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდეს.

რაც შეეხება კენჭისყრის საკითხს, შესაძლებელია კენჭისყრა დღესაც ჩატარდეს, იმ შემთხვევაში თუ კვორუმი იქნება დარბაზში. მაღალი მხარდაჭერა სჭირდება პროექტს, სულ ცოტა 113 -მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. უმრავლესობას ხმების ეს რაოდენობა არ აქვს, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში აღნიშნულ ინიციატივას ყველამ არ დაუჭიროს მხარი. შესაძლოა, იყვნენ მაჟორიტარები ან ის პარლამენტის წევრები, რომლებსაც პროპორციული საარჩევნო სისტემის საწინააღმდეგოდ მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. მთლიანობაში უმრავლესობის მხრიდან იქნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა, უმეტესობა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს“, – აცხადებს კახიანი.

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე – ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.