„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

1077

წინა სტატია

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. ამის მიზეზი GWP-ის განცხადება გახდა. ამის შესახებ კომერსანტი წერს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიამ სატენდერო კომისიას განცხადებით 31 ოქტომბერს მიმართა, სადაც წერია, რომ ის მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კი GWP მიზანშეწონილად მიიჩნევდა ტენდერის შეწყვეტას. შესაბამისად, სატენდერო კომისიამაც ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე ტენდერი შეწყვიტა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ GWP მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენი-წყალანირების რეაბილიტაციას წელს არ გეგმავს, ახალი კვანძის მოწყობაზეც ტენდერი მომავალ წლამდე არ გამოცხადდება. შესაბამისად, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ე.წ. დაკიდული ხიდების აშენების ბედი ისევ გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი ოქტომბერში გამოაცხადა. სატენდერო კომისიაში განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყო და 28 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 634 083 ლარი იყო.

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას. ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი დაუკავშირდება სამტრედიის ქუჩას“, – განაცხადა ტენდერის გამოცხადებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ.