ვაკეში ახალი გზის მშენებლობა იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე მიდის მუშაობა პროექტზე, რომლითაც ყიფშიძის ქუჩა ახალ გზას – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შეუერთდება.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკითხი მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აქვს ჩაბარებული და იგეგმება პროექტის უახლოეს მომავალში მომზადება, ხოლო მომავალ წელს გზის მშენებლობის დაწყება.
მისი თქმით, ყიფშიძის ქუჩა ამჟამად ცხელ წერტილად ითვლება, რადგან განსაკუთრებით პიკის საათებში ქუჩა ძალიან დატვირთულია.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი – ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმიტომ, რომ ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს ეს პრობლემა მოგვარებული. ახალი პროექტის დამუშავება მიმდინარეობს – ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის პროექტის განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ ამ პროექტის მომავალი წლიდან დაწყებას. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტზე სამუშაოები, უახლოეს მომავალში გვექნება მზა პროექტი. ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეცვლის ვითარებას ყიფშიძის ქუჩაზე,”- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გარდა ამისა, ყიფშიძის ქუჩაზე დგას ავტოფარეხები და თუ ადგილობრივების ნება იქნება, მუნიციპალიტეტი მზად არის, მათ ნაცვლად ადგილზე მოსახლეობისთვის და ბავშვებისთვის სასურველი სივრცეები განათავსოს.
“ყიფშიძის ქუჩაზე არის ფარეხები, რომელიც, ასევე, მოძრაობას აფერხებს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, აქაც ჩვენ მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ არსებულ ტერიტორიას და რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ის თავისი შვილებისა და საკუთარი თავისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მან რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზე მერია მუშაობს, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.
„თქვენ იცით, რომ პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც განახლებულ ჭავჭავაძეზე განსხვავებული სისტემით დაიწყო მოძრაობა, გაჩნდა საავტობუსე ზოლები, ავტომობილებისთვის შესაბამისი ზოლები, არის, ასევე, ველობილიკები და ელექტროსკუტერების მოყვარულთათვის შესაბამისი სივრცე არის გადანაწილებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ველოდით იმიტომ, რომ სანამ ადამიანები მიეჩვეოდნენ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა დღესაც ჩვენ ვართ სულ ამ განახლებისა და დაკვირვების პროცესში. არის პატარა ხარვეზები, რომელთა გამოსწორებს ვცდილობთ, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ყველაზე სწრაფად, დაახლოებით, 7-8 წუთი სჭირდება მთლიანად ჭავჭავაძის დაფარვას და ეს გვაძლევს იმას, რომ უფრო მეტი მგზავრი გადაჰყავს ავტობუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.