ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი მაია კოსიანჩიჩი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოსიანჩიჩი აღნიშნავს, რომ გამყოფ ხაზზე არსებული დაძაბულობა აბსოლუტურად მიუღებელია. ისევე, როგორც ცხინვალის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ადგილზე მოვლენების განვითარების და უსაფრთხოების საკითხებში.
ევროკავშირი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ვითარების მოსაგვარებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული საერთაშორისო მექანიზმები, ისეთები როგორც შეხვედრები ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
„ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სექტემბერში ჩაკეტილი გადასასვლელი პუნქტები. ეს ყველაფერი შექმნილი ვითარების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოსიაჩიჩი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ადგილზე ვითარების სტაბილიზაციაზე მუშაობს, ამიტომ სამხრეთ ოსეთის მიერ მისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა უნდა შეჩერდეს.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.