“სოკარ ჯორჯია გაზის” მონაცემებით, ქუთაისში, ბინების ნახევარზე მეტში გაზის მოწყობილობები წესების დარღვევით არის დამონტაჟებული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“სოკარ ჯორჯია გაზს” ქუთაისში 68 000 აბონენტი ჰყავს, საიდანაც მიმდინარე წელს 37 000 მომხმარებელია შემოწმებული. გამოვლენილი დარღვევების გამო კი, ჩახსნილია 7 000 გაზის დანადგარი. დაფიქსირდა ბუნებრივი აირის გაჟონვის 20 ფაქტი. გაზის კომპანიაში საუბრობენ რისკზე, რომლის თავიდან აცილება ვერ ხერხდება.
“ახლა, მაგალითად, სულხან-საბას გამზირზე არსებულ ბინაში ჩავხსენით და დავლუქეთ გაზის გამათბობელი, მაგრამ ჩვენ წამოვედით იქედან და იმის გარანტია, რომ ერთ საათში ის მას არ გახსნის, არ არასებობს და ხშირია ასეთი შემთხვევებიც”, – ამბობს “სოკარ ჯორჯია გაზის” ტექნიკური სამსახურის უფროსი მერაბ კუბლაშვილი.
ვინაიდან კომპანია ყველა აბონენტის გეგმიურ შემოვლას წლის განმავლობაში ვერც კი ასწრებს, ახსნილი ლუქის ფაქტს, მინიმუმ ერთი წელი ვერ გამოავლენს. მოქალაქეზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი “სოკარ ჯორჯია გაზს” ამ ეტაპზე, არ აქვს. მომხმარებელი კი, ისევ დაზიანებული მოწყობილობით, ოჯახის წევრების სიცოცხლე რისკის ფასად სარგებლობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროქტი, რომლის მიხედვით გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ. ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან ამოქმედდება და ბუნებრივი გაზის დარღვევით მოხმარების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან. მინიმალური ოდენობა 50, მაქსიმალური კი 1 500 ლარი იქნება.