ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში კონფერენცია, სახელწოდებით ,,ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის“, გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციას დასავლეთ საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მათივე განმარტებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოხდეს ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რათა უფრო საინტერესო გახდეს ქვეყანა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
წყარო: ინტერპრესნიუსი