საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს სასჯელის სახით ექსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
”გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს”, – ნათქვამია განცხადებაში.