IDFI: მერიას 370 ავტომობილი ეკუთვნის, მათგან 2018 წელს გამოშვებული 105 მანქანის შეძენაზე 5.6 მლნ დაიხარჯა

1146

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის ავტოპარკი 370 ავტომობილს ითვლის, საიდანაც 105 ერთეული 2018 წელს არის გამოშვებული.

2018 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა მერიას ჯამში 5.6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, რაც, სავარაუდოდ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის შექმნას უკავშირდება.

ასევე გაზრდილია მერიის მიერ საწვავში დახარჯული თანხებიც. მერიის ავტოპარკის საწვავით მომარაგება 2018 წლის განმავლობაში 1 671 201 ლარი და 28 თეთრი დაჯდა და ეს 2017 წელთან შედარებით 278 000 ლარით მეტია.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, 2018 წლის განმავლობაში მას 40 ავტომობილი ემსახურებოდა. აქედან 28 ავტომობილი საკრებულოს წევრებზე იყო გაპიროვნებული, მათი თანამდებობის შესაბამისად 16 (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები), ხოლო 12 – საერთო სარგებლობის.

40 ავტომობილის პირობებში საკრებულოს 43 მძღოლი ემსახურებოდა. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით კი, თბილისის საკრებულოს ბალანსზე 35 ავტომობილი ირიცხებოდა და შრომითი ხელშეკრულება 39 მძღოლთან იყო გაფორმებული.

ანგარიშის თანახმად, თბილისის საკრებულოს მიერ საწვავის ხარჯები 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 38 ათასი ლარითაა გაზრდილი. 2018 წელს 252 476 ლარის საწვავი დაიხარჯა.