თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად ტენდერი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. თბილისის მერია 135 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა მომზადებულიყო.
სერგი გვარჯალაძის განმარტებით, პრეტენდენტმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს ის მოთხოვნები რასაც თბილისის მერია ითხოვდა.
„განმცხადებელმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. ტენდერის ჩატარება აღარ იგეგმება. თუმცა, კონცეპტუალურ დოკუმენტს თავად ჩვენი უწყება წარმოადგენს. ის უკვე მზად არის და გადის შიდა განხილვებს. ასევე განხილული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. წლის ბოლომდე დოკუმენტს საჯაროდ წარმოვადგენთ,“ – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პირველად გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.
ტენდერი მეორედ წელს აგვისტოში ჩატარდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 000 ლარი იყო. სატენდერო კომისიის დასკვნით, პრეტენდენტი კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევა არ იყო სტრატეგიული კვლევის დოკუმენტი, რასაც თბილისის მერია ითხოვდა. სატენდერო პირობებით, კომპანიას მოეთხოვებოდა, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონოდა არანაკლებ 1 კვლევა, ხოლო რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით – არანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი – სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.