ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 10%-ით გაიზარდა

1087

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 10%-ით გაიზარდა. სატენდერო დოკუმენტაციის მონაცემებით, თავდაპირველად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულების ღირებულება 7 820 989 ლარი იყო, 22 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით კი, 8 603 099 ლარამდე გაიზარდა.

„ობიექტზე არსებული ფაქტიური მდგომარეობის შესწავლისას, უკეთესი ხარისხობრივი და ვიზუალური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, წარმოიშვა საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების საჭიროება“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ხელშეკრულებით, თანხის 60%-ის ანაზღაურება 2019 წლის ბიუჯეტიდან, 40%-ის კი, 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. ადგილზე საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ხდება.