პრემიერი: სექსუალური შევიწროების და ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიონ

699

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა, უნდა გამოიძიონ. ასე გამოეხმაურა პრემიერი ჟურნალისტებთან პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას იმედინიუს ავრცელებს.

“პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც უწყებაში არსებულ ნეპოტიზმის, კორუფციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ წერს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება სალომე ადეიშვილმა საქართველო უკვე დატოვა და ის ამ დროისთვის აშშ-ში იმყოფება.

სალომე ადეიშვილი Facebook-პოსტში საქართველოს პროკურატურიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას, უწყებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე, და სექსუალურ შევიწროებაზე, კორუფციასა და ნეპოტზმე ამახვილებს ყურადღებას:

„იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;

იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს“, – წერს სალომე ადეიშვილი.

Posted by Salo Adeishvili on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019