პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიამ გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა, ბაგრატის ტაძარი კი – ამოიღო.
გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2010 წელს, ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის შემდეგ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოები, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება (37 COM 7A.32), რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ბაგრატის ტაძარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც მინისტრმა kvirispalitra.ge-ს განუცხადა, იუნესკოს განცხადებაში წერია, რომ “გამოუსწორებელი ჩარევის შედეგად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განხორციელდა, ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება”.
“ორი წელია ამაზე ვსაუბრობ, რომ, როგორც კი გელათი დაბრუნდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ავტომატურად ნიშნავდა ბაგრატის ამორიცხვას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვასრულებთ ბაგრატის ისტორიას იუნესკოს კონტექსტში. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, ისე იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ვიწყებთ ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ კომპონენტად ისევ მოვიაზრებთ ბაგრატს, რათა თავისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის კონტექსტში მან არ დაკარგოს და ლანდშაფტური ისტორიული ზონის ნაწილად მაინც იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრის თქმით, ყველანაირი შანსი ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის სრულიად დაკარგული და ერთადერთი მიზეზი, რატომაც 2010 წელშივე არ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან, იყო სწორედ ის, რომ მას გადაყვებოდა გელათი და იუნესკომ სახელმწიფოს მისცა გელათის გადარჩენის შანსი.
“ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის რთული და ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ, განვაცალკევეთ ძეგლები და გელათი შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც სრულიად უპრეცენდეტო შემთხვევაა. ის, რომ დღეს ბაგრატი ამორიცხულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, დღევანდელი ამბავი არ არის, ეს არის რვა წლის წინანდელი ამბავი, დღევანდელი ამბავი გახლავთ ის, რომ მოვახერხეთ გელათი არა მხოლოდ შევუნარჩუნეთ ქვეყანას, არამედ ძირითად ნუსხაში დავაბრუნეთ”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი უფროსი, რომელიც ამავე დროს ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის ერთ-ერთი ხელმძღავნელი იყო, აცხადებს, რომ იუსნეკოს სიიდან ტაძრის ამოღება 2009 წელს დაწყებულ რესტავრაციას არ უკავშირდება.
“1994 წელს, იუნესკოს ჰქონდა შეცდომა დაშვებული, ორი სხვადასხვა ტიპის ძეგლი ჰყავდა შეყვანილი ერთ ნომინაციაში. ახლა ეს გაიყო და დაიწყო ორი სხვადასხვა ბიოფრაფია”, – აცხადებს ვაჩეიშვილი.
“ეს რესტავრაცია გარდაუვალი იყო, ისევე როგორც გელათის კონსერვაცია. ამიტომ ცოტა წინ რომ გაეხედა იუნესკოს და ორი ნომინაცია გაეკეთებინა უკეთესი იქნებოდა. ეს ასეც მოხდება უახლოეს მომავალში”, – აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც 2013 წლის იანვარში თანამდებობიდან კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გაათვისუფლა. ვაჩეიშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი მისი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაში მონაწილეობა და ამ ფაქტით იუნესკოში არსებული უკმაყოფილება დასახელდა.
წყარო: 1tv.ge; kvirispalitra.ge; imedinews.ge