თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა.
მათივე ცნობით, გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.
პროექტი სააღმზრდელო პროცესში ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვასა და თითოეული აღსაზრდელისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას ისახავს მიზნად.
“სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაიდგა პირველი ნაბიჯები აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სტანდარტის დანერგვისათვის და ჩვენ თბილისის ბაღებში, ახალი სააღმზრდელო წლიდან უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობით, სამომავლოდ კიდევ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული,“ – განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.