19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს წელს გახსნის ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით May B. გარდა ამისა, თბილისს ესტუმრება ცეკვის ამერიკელი ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი, წარმოდგენით “სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.
2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა “ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან (Accion Cultiral Espanol- AC//E) თანამშრომლობით შედგა. ფოკუსი ოფიციალურად გაიხსნება 22 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის „სტუმრების ოთახში“ გამართულ კონფერენციაზე.
23 ოქტომბერს სპექტაკლი “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ გაიმართება, 7 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრი როსიო მოლინას წარმოდგენას „დაცემული ანგელოზი“ უმასპინძლებს, რომელიც ლორენს ოლივიეს პრიზის ლაურეატია.
16 ნოემბერს ესპანურ ფოკუსს დახურავს ესპანეთის ეროვნული თეატრების Teatro Español და Naves de Matadero სამხატვრო ხელმძღვანელის, ნატალია მენენდესის ლექცია „რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ქალაქისთვის“.
ამასთან, ფესტივალზე გაიმართება ცნობილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერა „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით (გრიბოედოვის თეატრი; 20:00 საათი; 17,18,19 ნოემბერი).
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.