თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ქიზიყის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.
2,1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „Georgian Water & Power“-მა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად იგება გზა და ეწყობა ტროტუარები ბაზალტის ახალი ბორდიურებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება, სადაც წლების განმავლობაში გაუვალი მდგომარეობა იყო. ამით სარგებლობენ, როგორც აქ მცხოვრებლები, ასევე ის კომპანიები, რომელთა ოფისები და საწყობებიც არის ამ ტერიტორიაზე განლაგებული, შესაბამისად, სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად დავასრულოთ და აგვისტოს ბოლომდე გაიხსნას გზაზე მთლიანად მოძრაობა. ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება ჩვენს ქალაქს,“- განაცხადა თბილისის მერმა.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ აწარმოებს.