სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, სამი თვის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს. მათი ნაწილი სხდომებს უკვე ესწრება, ნაწილი კი მომავალ სხდომებზე აპირებს დასწრებას. დეპუტატების პროტესტი 20 ივნისთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხებოდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამცხე–ჯავახეთის გარდა, 20 ივნისის მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად საკრებულოებში საქმიანობას არ აგრძელბდნენ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დეპუტატებმა პროტესტი, ივნისის ბოლოს დაიწყეს. ისინი ამ ფორმით, თბილისში აქციაზე შკერებილების მოთხოვნებს უერთდებოდნენ და ამბობდნენ, რომ იქამდე არ შევიდოდნენ წარმომადგენლობით ორგანოში, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
აქციის მონაწილეების და საკრებულოს დეპუტატების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რომელიც იმ პერიოდში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.
„გახარია კი არ გადააყენეს, პრემიერ–მინისტრად დანიშნეს, რა აზრი აქვს მათთან პროტესტს?! ასე საკრებულოს მუშაობასაც ვერ ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ“,–გვეუბნება ასპინძის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ფრიდონ ლონდარიძე, რომელმაც პროტესტი შეწყვიტა და საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასწრებას გეგმავს.
საკრებულოს სხდომას უკვე ესწრებიან, „ევროპული საქართველოდან“ ბორჯომსა და ახალციხეში.
„20 სექტემბრის შემდეგ შევწყვიტეთ პროტესტი და სხდომასაც დავესწარი“,–გვითხრა ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაქარ შირაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტი შეწყვიტეს, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.
20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორმა თვალი დაკარგა. მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.