გლდანის რაიონში მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, სარწყავი სისტემა, ასევე, გარეგანათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი მოეწყო.
სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარი დაიხარჯა.
“მწვანე და რეკრეაციული სივრცეები, ასევე, სკვერები და საბავშვო მოედნები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დღეს კიდევ ერთი გამწვანებული და ლამაზი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩვენ, რასაკვირველია, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას მომავალშიც განვაგრძობთ და რაიონს არაერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.