EBRD-მა ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის 60 მლნ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა

827

წინა სტატია

ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 მონაკვეთად არის დაყოფილი, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.

ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.  გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის პერიოდში გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება.