დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერმინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან.
“მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით დაეხმარება.