ფოთში აშშ-ის მთავრობის კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

764

ფოთში დღეს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მლნ დოლარით დაფინანსდა. „პეის ტერმინალსის“ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა.

წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილას ფოთში, სიმბოლურ კაფსულას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „ოპიკის“ მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, „პეის ტერმინალსის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და PRIME CONCRETE-ის დამფუძნებელი ალექსანდრე სოკოლოვსკი ჩადებენ.

ხელშეკრულების თანახმად, ამ ტერიტორიაზე „პეის ტერმინალსი“ განთავსებულია 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად, ნავსადგური 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს.

“აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.