000 ათასი წლით ადრე, სანამ ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრებმა ყურძენი ღვინოდ აქციეს, – ასე იწყებს “სიენენი” სტატიას.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ მდიდარი ფანტაზიის მქონე ქვის ხანის საპიენსების წყალობით ვტკბებით ბუღულედან „გამეთი“, ტოსკანიდან „კიანტით“, ნავაროდან „რიოხათი“ და საფრანგეთიდან ახალ ზელანდიამდე ნებისმიერი ვენახიდან „კაბერნე სოვინიონით. ზემოთქმულის მიუხედავად, ღვინის სამშობლოში არსებული ფუძისმიერი ჯიშები დღემდე უცნობი იყო დასავლელი ღვინის მოყვარულებისთვის.
დღეს ქართული ღვინო თავს აღწევს თითქმის 100-წლიან იზოლაციას და იმ სისტემისგან განადგურებას, რომელმაც მეღვინეობა-მევენახეობის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ცუდი ღვინის კეთების პრაქტიკა დაამკვიდრა. ძირითადად, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც თავისი ზომით დასავლეთ ვირჯინიის ტოლია, ღვინოს მთელს საბჭოთა კავშირს აწვდიდა.
თუმცა, რადგან საბჭოეთში რაოდენობას ხარისხზე მეტად აფასებდნენ, ქართველებს ძირითადად უხვმოსავლიანი წითელი საფერავისა და თეთრი რქაწითელის ყურძენი მოჰყავდათ და მწირმოსავლიანი ბრწყინვალე ძირძველი ვაზის ჯიშები გუთნის ხნულებში ხვდებოდა.
გამოცემა წერს, რომ ჯამში 563 აღრიცხული სახეობიდან კომუნისტები მხოლოდ შვიდი დასახელების ღვინოს ასხამდნენ.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ღვინისთვის შაქრისა და წყლის დამატებით ხდებოდა კრემლის გეგმის შესრულება. გლეხობაში გავრცელდა პრაქტიკა, რომლითაც ღვინოს იქამდე აწყალებდნენ, სადამდეც ეს შესაძლებელი იყო.
„ბევრი ტრადიცია დაიკარგა. მანამდე „მკვახე მოსავალსაც“ ვიღებდით, ვაზს სუსტი ყურძნიდან ვათავისუფლებდით, რითაც უფრო მსხვილ მტევნებს ვაძლიერებდით მეტი სიტკბოს მისაღებად. კომუნისტებმა მოგვაშლევინეს ეს და შემოდგომაზე ყველა მტევანს გვაკრეფინებდნენ – დიდსაც და პატარასაც“, – ამბობს „სიენენთან“ ვახტანგ ბარნოვი, ახალქალაქელი პენსიონერი აგროინჟინერი საქართველოს შუაგულიდან.
როგორც გამოცემა წერს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ რუსეთში ამ სასმელის ექსპორტი განაგრძო, რადგან მისი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ეს იყო.
„ყველამ იცის, რომ რუსი ნებისმიერ რამეს დალევს“, – ამბობს ბარნოვი, რომელიც ცნობილ რეფრენს მიმართავს.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ თუ სასმელი შუშის ბოთლში იყო ჩამოსხმული, ცუდი იყო. კარგი ღვინო მეორად პლასტმასის ბოცებში ან „კანისტრებში“ ვრცელდებოდა სამეგობროებსა და ნათესაობაში. ზოგიერთი მეღვინეობა, მაგალითად, „საგარეჯო“ კარგ სუფრის ღვინოს აწარმოებდა ადგილობრივი რესტორნებისთვის.
სტატიაში წერია, რომ 2006 წლის მარტის მოვლენა წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე, რითაც საქართველოს ერთ დღეში მოესპო საექსპორტო ბაზრის 90%.
გამოცემის თქმით, პუტინის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო დაესაჯა დასავლური მისწრაფებებისთვის, თუმცა პუტინმა საბოლოო ჯამში ქართული ღვინის წარმოება გადაარჩინა, რადგან ქვეყანას იმთავითვე მოუწია კარგი ღვინის წარმოება და უფრო სანდო სავაჭრო პარტნიორების მოძებნა.
მსხვილი მეღვინეობები გავიდნენ ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე, ხოლო მცირე და საოჯახო მეღვინეობებმა რეალიზაციის მიზნით ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყეს. მათ ის სეგმენტი აითვისეს, რომელშიც კონკურენციას ვერავინ გაუწევდა.
„ქვევრში 8 000 წლის ტრადიციის მქონე ნატურალური ღვინის წარმოება განა სხვას ვის შეუძლია“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
„2007 წლამდე საქართველოში პრინციპში არ არსებობდა ბოთლში ჩამოსხმული ქვევრის ღვინო“, – ამბობს მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის კლუბის პრეზიდენტი – ეს პრაქტიკა ხომ კომუნიზმის ხანაში ინდუსტრიალიზაციის გამოისობით შეწყდა.
გამოცემა წერს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს ქვევრის ღვინო, თუმცა მთელი ეს აჟიოტაჟი 100%-ით მისი გამოწვეულია. პრინციპში, საქართველოს შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ქვევრია ნახსენები. იქვეა ქარვისფერი ღვინის ხსენება, რომელიც ყურძნის კანით თეთრი ღვინის დაყენების ტექნიკით მიიღება. სასმელი ასე უფრო მკვეთრი და უფრო ტანინიანია, ვიდრე კლასიკური თეთრი ღვინოები.
“დასავლეთში ახალ ტენდენციად მიიჩნევა ეს სახეობა და „ნარინჯისფერ ღვინოდ“ მოიხსენიება. თუმცა, ქართველები ამ მეთოდს იმ დროიდან იყენებენ, როცა თავად მეღვინეობა იღებს დასაბამს.
საქართველოში 500 ძირძველ ჯიშზე მეტი ყურძნის სახეობაა. მრავალი მათგანი ახლა ბრუნდება და ხელახლა იწყებს სიცოცხლეს.
ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში – კახეთში ყურძნის სახეობების მდიდარი არჩევანია და ქვეყნის ვენახების 60 პროცენტი სწორედ აქ არის. ქვეყნის ცენტრალური რეგიონი – შიდა ქართლი ამჟამად ნაკლებად ასოცირდება მეღვინეობასთან, არადა ოდესღაც ქართველი მეფეებისთვის სწორედ აქ ხდებოდა ღვინის წარმოება. სამეფო კარის მმართველობა საქართველოში მე-19 საუკუნეში დასრულდა.
ქვეყნის დასავლეთ რეგიონში – იმერეთში კლიმატი რბილია და აქ ყურძენი მეტი მჟავიანობით გამოირჩევა. მას ჩვეულებრივ კანის გარეშე წურავენ. ქვეყნის პატარა მთიანი რეგიონი – რაჭა ცნობილია უდახვეწილესი ყურძნის ჯიშებით და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ეს ღვინის მწარმოებელი რეგიონი ზომით უმცირესია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
„სიენენი“ მომხმარებლებს 10 საუკეთესო ქართული ვაზის ჯიშის და მათგან დამზადებული ღვინოების შესახებაც აწვდის ინფორმაციას, ასევე ასახელებს რამდენიმე მაღაზიას, სადაც ღვინის შეძენა არის შესაძლებელი.