ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით სამდღიანი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ისნის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ისნის რაიონში მცხოვრებ ათეულობით დევნილს, სოციალურად დაუცველს, პენსიონერს, მარჩენალდაკარგულსა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს სამი დღის განმავლობაში საშუალება აქვს მულტიპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ, თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსებით დაკომპლექტებულ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მოსახლეობას უტარდება ექოსკოპიური კვლევები და კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის ექიმები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი. აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს: ექოსკოპია, რენტგენი და კარდიოგრამა.
აქციის მხარდამჭერია ასევე „სახალხო აფთიაქი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადასცემს ნებისმიერი სახის მედიკამენტზე 25%-იანი ფასდაკლების ბარათებს და საჩუქრებს, პენსიონერებს კი პირველადი მოხმარების მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ.
კლინიკის მომსახურების ხარისხის ხელმძღვანელ ნინო გავაშელიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ამბულატორიულ კვლევები ჩაუტარდება, აქციის მონაწილეებს კლინიკა, მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე სამედიცინო მომსახურებების ფასდაკლების ბარათებს გადასცემს. შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ კარდიოექოსკოპიაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და მაღალტექნოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ერთი სისტემის ფარგლებში მხოლოდ 90 ლარად ჩაიტარონ. ნინო გავაშელიშვილმა აღნიშნა, რომ აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მსგავს ღონისძიებებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მომავალშიც დაგეგმავს.
ირაკლი აბუსერიძემ ”თბილისის ზღვის ჰოსპიტალს” მადლობა გადაუხადა თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
„მსურს, მადლობა გადავუხადო „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელობას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რადგან საშუალება მოგვეცა ჩავატაროთ აქცია „უფასო სამედიცინო გამოკვლევები“. ეს დიდი დახმარებაა ჩვენი რაიონის შეჭირვებული მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზღვის ჰოსპიტლის გახსნამდე ჩვენს რაიონში მრავლაპროფილური სამედიცინო დაწესებულება არ არსებობდა და დღეისათვის გადაუდებელი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის დროული მიღება უკვე საკუთარ რაიონში პრობლემას აღარ წარმოადგენს. გარკვეულწილად პრობლემა იმითაც მოხსნა, რომ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე 112-ის ფილიალიც ფუნქციონირებს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის დროული სამედიცინო დახმარების მიღებას“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აქციის მხარდამჭერ „სახალხო აფთიაქს“ და განაცხადა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და მსგავსი ხასიათის აქციებს ახლაც ისევე გააგრძელებს, როგორც ამას აკეთებდა 2014-2016 წლებში, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრი იყო, ვინაიდან მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
სამდღიანი საქველმოქმედო აქცია 3 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება.