თუშეთში 120 წლის სახლში ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

737

თუშეთში 120 წლის სახლში ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

მარი ლაგვილავა ახალგაზრდა მეწარმეა. მისი ცხოვრება ოჯახს, მთას, თუშეთს და ღვინოს უკავშირდება.

ერთი წლის წინ მარიმ მეუღლესთან ერთად თუშეთში პირველი ღვინის ბარი გახსნა, რომელიც თავისი არქიტექტურით და ისტორიით ტურისტებს იზიდავს. სახლი, რომელშიც ახალგაზრდები ტურისტებს სტუმრობენ 120 წლისაა. ის დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ახალგაზრდა მეწარმეს თქმით, წლების წინ ამ სახლში მისი მეუღლის დიდი ბებია, მარო სისაური ცხოვრობდა.

“ჩემს მეუღლეს აქვს ტურისტული კომპანია და წლებია ჩართული ვარ ამ საქმიანობაში. თუშეთში გვაქვს სახლი, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ეს არის ძველი სახლი თავისი ისტორიით. ყოველ წელს რაღაც ახალს ვამატებთ, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახლი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

წლების განმავლობაში ვამუშავებდით როგორც საოჯახო სასტუმროს, შარშან გადავწყვიტე, რომ ღვინის ბარი გამეხსნა და რაღაც ახალი სივრცე შემეთავაზებინა ტურისტებისთვის. ეს პირველი ღვინის ბარია მთელ თუშეთში. სახელად „ო’დილა“ ჰქვია.

ეს სახელი ჰქვია ჩემს ღვინის პროექტსაც. ჩვენ არ გვაქვს ვენახები, თუმცა სხვა მევენახეების მიერ დამზადებულ ღვინოს ვუწევ პოპულარიზაციას. ეტიკეტზე ყველას აწერია მეღვინის სახელი და გვარი, ჩამოსხმის წელი, რეგიონი. ამჟამად სამი მეღვინე მყავს, ვისგანაც ვიღებ ღვინოს”,- განაცხადა მარი ლაგვილავამ.

ახალგაზრდა მეწარმემ ღვინის ბართან ერთად სახლში მცირე ბიბლიოთეკაც მოაწყო, რომელიც ასევე პირველია თუშეთში.

,,აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა მოწყობილი, მათ შორის სივრცე პატარა ბიბლიოთეკით. დასასვენებლად, განსატვირთად, ჭიქა ღვინის დასალევად, მე, ჩემი მეუღლე და მეგობრები ვეცადეთ, როგორც შეგვეძლო, მყუდრო და სასიამოვნო ადგილი შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის.”

მისივე თქმით, ღვინის ბარს ტურისტები ძირითადად ევროპიდან სტუმრობენ, რომლებიც თუშური ტრადიციით და კულტურით არიან დაინტერესებული.

,,ტურისტები ძირითადად ევროპიდან ჩამოდიან, ხშირ შემთხვევაში კარვებით მოგზაურობენ. ძირითადად ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, დღემდე შემორჩენილი თუშური ადათ-წესებით ინტერესდებიან”,- განაცხადა მეწარმემ.