ნაძალადევის რაიონში ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსთან 2 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოების ფარგლებში სკვერში საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, გარეგანათების ქსელი, სარწყავი სისტემა, სკამები და სანაგვე ურნები გაკეთდება. გარდა ამისა, სკვერი მოპირკეთდება ფილებით და მოეწყობა ბორდიურები.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება და მისი რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 242 776 ლარს დახარჯავს.
“აქ ოდესღაც არსებობდა დასასვენებელი სივრცე, თუმცა ახლა რა მდგომარეობაც არის, სკვერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიმდებარე ტერიტორია გადაქცეულია ავტოსადგომად. ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობას მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა. ადგილობრივებს გარკვეული შიშიც ჰქონდათ, რომ აქ არ აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსი. თუმცა შიშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს და აქ აუცილებლად მოეწყობა ახალი სკვერი. სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ მოქალაქეებს და მათ პროექტის დეტალები გავაცანით“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.