გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

1545

წინა სტატია

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

“პრემიერმინისტრმა დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია, ქალაქისთვის ძველი თბილისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. იცით, რომ ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით, 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერმინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სამუშაოებს “თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაში არიან ჩართულნი – ესენი არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. სხვათაშორის, სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, სამუშაოები 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ “ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.