ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება გახსნეს.
აჭარიუს მთავრობის ინფორმაციით, აღსაზრდელები ამ დრომდე პატარები სკოლის შენობაში განთავსებულ ბაღში დადიოდნენ.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბაღში 60 აღსაზრდელისთვის 3 ჯგუფი ფუნქციონირებს. ამასთან, 105 ბავშვზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე და უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ატრაქციონები და გასართობი მოედანი.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, ინვენტარიზაციისა და ეზოს მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველგან, დაახლოებით ამ სტანდარტის დაწესებულება გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს თანაბარი პირობები, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში. მიუხედავად იმისა, ეს იქნება სოფელი თუ ქალაქი, ყველგან ერთი სტანდარტი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რუჟვაძემ.
დღეისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3 500 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებთანაც 580 თანამშრომელი მუშაობს.