თბილისში უზნაძის N68-ის მიმდებარედ სკვერს აკეთებენ

719

ჩუღურეთის რაიონში უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ქალბატონების სახელი მიენიჭა.

“პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერისთვის შერჩეული ტერიტორია, რომელიც 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოწესრიგდება, მოეწყობა განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება.

გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა ბორდიური, განთავსდება საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება”, – განმარტავენ გამგეობაში.

“ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს ვაწყობთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერი ასევე, გამწვანდება, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს “არბა“ ასრულებს.