მუნიციპალიტეტების მიერ 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სწავლის დაწყების გადადება საჭირო გახდება 9 სკოლაში

1323

მუნიციპალიტეტების მიერ 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სწავლის დაწყების გადადება საჭირო გახდება 9 სკოლაში – 6 სკოლაში 1 კვირით და 3 სკოლაში 2 კვირით. ამის შესახებ ინფორაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალ სასწავლო წელს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ.

პრიორიტეტული სკოლებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განისაზღვრა.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით“ პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 40 მილიონი ლარი მოხმარდა.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ 1 კვირით 6 სკოლაში  და 2 კვირით – 3 სკოლაში.

ზაფხულის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სხვადასხვა პროფილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: მოწესრიგდა სველი წერტილები, გათბობის სისტემები, შეიღება საკლასო ოთახები და შენობების ფასადები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები, ეზოები და სხვა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიც ახორციელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის კონტექსტში, წლის დასაწყისიდან, სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, მუნიციპალიტეტები დელეგირებით გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.