გორის სოფელ ატენში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოსაწყობად მერია ტყის მასივს ითხოვს

989

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სანიტარული კვანძის მოსაწყობად ტყის გარკვეულ მონაკვეთს მერიას გადასცემენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ გორის მერიამ ეროვნული საატყეო სააგენტო მიმართა. წერილის მიხედვით, მერიას, დაახლოებით, 129 388 კვ.მ (1 ჰა – 10 000 კვ.მ) ფართობზე ტყის მასივი ჭირდება.

ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პირველ ეტაპზე, გორის მერიამ აღნიშნულ ფართობზე არსებული მერქნული რესურსი უნდა მონიშნოს:

“ამ ტერიტორიაზე იგეგმება სანიტარული კვანძის მოწყობა. ხეების გაჩეხვაზე საუბარი არ არის” – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სათავეში წყალი “დაიკარგა”. სათავე ნაგებობას, რომლის რეაბილიტაცია 2016-2018 წლებში განხორციელდა, “ჩირახის წყალს” უწოდებენ. რეზერვუარი, სწორედ, ჩირახის წყლის შესაგროვებლად გააკეთეს.

პროექტის მიხედვით, “ჩირახის წყლიდან” სასმელი წყალს უნდა გაევლო სოფელ ბობნევში, შემდეგ – ატენში. ატენში სამი რეზერვუარი დახვდებოდა, რეზერვუარებიდან კი, შიდა ქსელებით მოსახლეობამდე მივიდოდა.

საქმე იმაშია, რომ ამჟამად სათავე ნაგებობაში წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, გრუნტის წყალის, დაახლოებით, 40-50% დაიკარგა. მისი განმარტებით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ადგილი ჰქონდა მიწის მასის მოჭრას, შემდეგ ტკეპნით სამუშაოს, რის გამოც, გრუნტის წყალმა მიმართულება შეიცვალა და დაიკარგა.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაკარგულ წყალს ვიპოვით, რომელიც დაემატება რეზერვუას. სამწუხაროდ, იმ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები ჩვენთან შეუთანხმებლად ჩატარდა, რის გამოც პრობლემები შეიქმნა” – აღნიშნავდა ტარიელ ტარიელ მაისურაძე 2019 წლის მარტში.

ატენისა და ბობნევის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ წყლის დებეტი “ჩირახის წყალზე” არ შემცირებულა.

“წყლის რაოდენობა არ დაკლებულა. ჩვენც გვითხრეს, რომ წყლის დებეტი დაიკარგაო, მაგრამ რაც თავი გვახსოვს, ეგრე მოდის ჩირახის წყალი. უბრალოდ, ამჯერად, ამ ატენის წყალზე მთელი მოსახლეობა დააერთეს, შესაბამისად, აღარ გვყოფნის ყველას. წყალი იმატებს ხოლმე გაზაფხულზე, ზაფხულში ძალიან დიდი პრობლემა გვექნება” – აღნიშნავენ სოფელში.

ტარიელ მაისურაძე მოსახლეობის მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საინჟინრო საკითხებში მოსახლეობას სრული ინფორმაცია არ გააჩნია.

“მაისამდე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ სათავე ნაგებობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მობილიზებას. ამასთანავე, ატენში მესამე ეტაპის სამუშაოები სრულდება და მთელი ატენი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი” – აცხადებდა ტარიელ მაისურაძე გახაფზულზე.

ამჟმად, ატენში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილი ამბობს, რომ სამ დღეში ერთხელ. ნაწილი ამბობს, რომ ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.