სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ნივთები, რომელიც ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება. აქ აღმოჩნდა სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა – კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე.
ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები. ასევე, სტუდენტები და მოხალისეები.
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ორ უბანზე (A, B და F თხრილები) წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა ელინისტური ხანის სამოსახლოები, კულტურული ფენები და სამაროვანი.
F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი. F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ გამოვლენილი ნაგებობები აშკარად საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ.
“2019 წლის არქეოლოგიურ სეზონზე გაგრძელდა 2018 წელს გამოვლენილი G თხრილის არქეოლოგიური ფენების დაღრმავება, სეზონის დასაწყისში თხრილის ზედაპირზე იყო ნაყარი კირქვის ფენები. ასევე მცირე ზომის რიყის ქვისა და კირის ნარევი ფენები.
სეზონის დასაწყისში G თხრილში გამოვლენილი კერამიკული მასალა ქრონოლოგიურად ჭრელი იყო, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თხრილის ჩრდ-ით მდებარე მთასთან, საიდანაც კულტურული ფენები მუდმივად ირეცხება. თუმცა აღსანიშნავია, რომ თხრილში გამოვლენილი თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. ასევე აღსანიშნავია თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც: სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული , სამკაულის დეტალი და ბალთა.კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება,”- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ,…
Posted by საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019