ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის “ბათუმი რივიერას” პროექტის პრეზენტაციაზე ღონისძიების სტუმრებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.
თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციის ევროპულ წარმომავლობაზე, ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც მისი თქმით, ბათუმის შეუქცევადი და მდგრადი განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. პროექტის პრეზენტაციისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას.
“განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძირითად ნაწილში ევროპული ინვესტიცია, იქნება ხარისხი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუქცევადი და მდგრადი განვითარებისთვის. ამავე დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ დასაქმებულების უსაფრთხოებას, და მე მინდა ვთხოვო ყველას – ინვესტორებს, დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ამ კონკრეტულ პროექტში პარტნიორების ჩართულობა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს და მოლოდინს, რომ ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.