ავტორი: ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი
მინდოდა, კიდევ ერთხელ მეცადა და რეგიონებში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობების თემა სათემო განათლებისა და მუნიციპალურ დონეზე კულტურის სერვისების განვითარების საკითხთან დამეკავშირებინა. ანუ, მეცადა, დამეწერა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ნაგებობების გამოყენება თემის საჭიროებების გათვალისწინებით; დავიწყე კიდეც წერა, თუმცა, მალე გერმანიაში მომიწია მივლინებით წამოსვლამ. ამჟამინდელი სამივლინებო თემა „მეხსიერების პოლიტიკა და მეხსიერების კულტურაა“; ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდები, განსაკუთრებით, კომუნალური კულტურის პოლიტიკისა და, ასევე, ადგილობრივი განვითარების პროცესებში სამოქალაქო (სათემო) ჩართულობის გერმანული პრაქტიკების გააზრებას.
ცხადია, მე თვითონ ძალიან კარგად მესმის ის „ცასა და დედამიწასავით“ სხვაობა, რაც გერმანიასა და საქართველოს შორისაა ფინანსური თუ სხვა მხრივ. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ხანდახან საქმე მხოლოდ ფინანსებში კი არა, უფრო ცოდნასა და მონდომებაშია: საზოგადოების მზადყოფნაში, საკუთარ ხელში აიღოს პრობლემების მოგვარება თუ არა, მოგვარების გზებზე ფიქრის დაწყება მაინც.
ვისაც საქართველოს რეგიონებთან ხშირი შეხება გვაქვს, ვიცით იქ არსებული პრობლემების კომპლექსური ხასიათი. მათ შორის ერთ-ერთია ძველი, ამჟამად სულ, ან ნაწილობრივ უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის (თუ სამეურნეო) შენობა-ნაგებობები და სოფლად კულტურის სერვისების ნაკლები ხელმისაწვდომობის საკითხები, კულტურის სახლი იქნება, სამუსიკო სკოლის შენობა, თუ ადგილობრივი მნიშვნელობის სახლ-მუზეუმი… მაღაზია, ძველი სადგური, თუ საწყობი… ეს ერთ დროს შინაარსის მქონდე ადგილები დღეს ხშირად განადგურების პირას არის მისული. მსგავსი შენობა-ნაგებობების „ახალი სიცოცხლის“, ანუ მათი სათემო ინტერესების შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობები, დიდი ხანია მაინტერესებს და ახლა, გერმანიაში საინტერესო მაგალითებს გადავაწყდი. ძველი შენობების გაცოცხლება აქაც მნიშვნელოვანი თემაა ქალაქებისა და განსაკუთრებით, სოფლების დონეზე. ყველაზე მეტად გავრცელებული ზაფხულობით მუსიკალური პროგრამებია, რომლებიც სწორედ ძველ შენობა-ნაგებობებს უკავშირდება.
სწავლა სიბერემდეო და ვფქირობ, ჩვენ კიდევ ბევრი რამის სწავლა და პრაქტიკაში განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მოკრძალებული აზრით, პრობლემებზე ფიქრი და მსჯელობა რომ დავიწყოთ, ეგეც საქმეა. მთავარია, პირველი ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ მოვა დრო და დღეს საზოგადოების და ქვეყნის წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს მოვაგვარებთ; მერე, ეგება, მეტი რესურსი (დრო, ფული, ხალისი, ენერგია) გვქონდეს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს საარსებო გარემოზე, საჯარო სივრცეებზე, სოფლების კულტურულ მემკვიდრეობაზე და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართულობაც მეტად გვეხალისებოდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დრო მოვა და ჩემი მეზობელი აღარ მეტყვის – „რა მეკონცერტება“. მანამდე კი ჩემს გერმანულ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
უკერმარკის მუსიკალური კვირეული
უკერმარკი ბრანდებურგის ფედერალური მიწის (Bundesland) ერთ-ერთი რაიონია (Landkreis), რომელიც სხვადასხვა სოფელს აერთიანებს. აგვისტოს ერთ-ერთ შაბათ-კვირას ნაცნობმა ოჯახმა სტუმრად დაგვპატიჟა სოფელ პორაცში. ამ და სხვა სოფლებში სულ რამდენიმე სახლი დგას. სასოფლო სივრცეების დაცლა და დაბერება აქაც დიდი პრობლემაა. პორაცის რამდენიმე სახლიც, ძირითადად, არა მუდმივი მცხოვრებლების, არამედ ბერლინელების აგარაკებია. თუმცა, სოფლის გარშემო მცირე და პატარა დასახლებებს, ცხადია, მუდმივი მცხოვრებლებიც ჰყავს და მცირე თუ საშუალო ბიზნეს-ინიციატივებიც მშვენივრად მუშაობს. მუდმივ მაცხოვრებლებს კი სათემო სერვისები და მათ შორის, კულტურის, აუცილებლად სჭირდებათ, თანაც, ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი და მორგებული. გარდა მიმდინარე სერვისებისა, რაიონს გამოცოცხლებისათვის სხვა, დამატებითი კულტურის პროგრამებიც ესაჭიროება. როგორც ჩანს, ბრანდერბურგში (სხვაგანაც, ცხადია) მუსიკალური ფესტივალები განსაკუთრებულად უყვართ და დიდი ხნის ტრადიციაც აქვს
„უკერმარკის მუსიკალური კვირეულები“ – ფესტივალის სახელწოდებაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. ღონისძიებები გეოგრაფიულად ისეა გაშლილი, რომ რაიონში შემავალ თითქმის ყველა სოფელს მოიცავს. ისეც ხდება, რომ ერთ დღეს სხვადასხვა ადგილას რამდენიმე პარალელური კონცერტი ტარდება. ფესტივალზე მე-12 საუკუნიდან დაწყებული, 21-საუკუნის ჩათვლით შექმნილი მუსიკის რეპერტუარია წამოდგენილი და კვირეულების ფარგლებში წლიურად 20-ზე მეტი კონცერტი იმართება.
ამ ფესტივალზე მოყოლა მომინდა მისი გეოგრაფიული გაშლილობის, დეცენტრალიზაციის და განსაკუთრებით კი, საკონცერტო და საღონისძიებო სივრცეების გამო. როგორც ზემოთაც ვთქვი, ფესტივალი გეოგრაფიულად ისეა განაწილებული, ცდილობს რაიონის რაც შეიძლება ბევრი სოფელი მოიცვას. დროშიც ისეა გაწერილი, რომ ზაფხულის გარკვეული პერიოდი საინტერესოდ შეავსოს. ადგილები კი, სადაც სხვადასხვა სოფელში ღონისძიებები ტარდება, ძალიან მრავალფეროვანია. გარდა უშუალოდ კონცერტებისთვის გათვლილი სივრცეებისა, მუსიკა შეგიძლიათ მოისმინოთ მაგ. ძველი წისქვილის შენობაში, ადგილობრივი თავადის ძველ სასახლეში, თავლაში, ყოფილი მეურნეობის ბეღელში, ან საწყობში, სასახლის პარკში, ან ღია ცის ქვეშ, სადმე, სკვერსა თუ მინდორში, ეკლესიასა და მონასტერში. ცხადია ადგილების მიხედვით ხდება შესაბამისი რეპერტუარის შერჩევაც.
წისქვილი იქნება თუ ძველი თავლა, სასახლე თუ სოციალიტური პერიოდის კულტურის სახლი, ეს ნაგებობები დღეს მოქალაქეთა ინიციატივით, ხელისუფლების (ძირითადად, ადგილობრივი, თუმცა, ცენტრალურიც) თუ ბიზნესის გვერდში დგომით შენარჩუნებული და რესტავრირებულია. მათ, როგორც წესი, კულტურის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ხშირ შემთხვევაში, ობიექტებს თავად სოფელი და სოფლის ადმინისტრაცია ინახავს; გარდა ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობისა, ამ შენობებთან ადგილობრივ მცხოვრებლებს მოგონებები აკავშირებთ და მიაჩნიათ, რომ ის სოფლის, დაბის, რაიონის ისტორიისა და შესაბამისად, მათი იდენტობის ნაწილიცაა. რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობისათვის თანხა, როგორც წესი, შემოწირულობებით გროვდება.
მრავალი შემთხვევაა, როცა სოფელმა და თემმა იბრძოლა ამა თუ იმ ნაგებობის შენარჩუნება-გადარჩენისათვის და დღეს ეს სივრცეები მუსიკისა და კულტურის სხვა ფესტივალებს მასპინძლობს. ზოგადად, ამბობენ, რომ კავშირების, ანუ მოქალაქეთა მოხალისეობრივი გაერთიანებების მხრივ, გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. უამრავი საკითხის და ინტერესის გამო ერთიანდებიან აქ ადამიანები და შრომობენ თავიანთი სოფლისთვის, რაიონისთვის, ქალაქისთვის, უბნისთვის, ქუჩისთვის, ანდაც სხვა ინტერესებისათვის.
უკერმარკის მუსიკის კვირეულების წლევანდელი პროგრამის კითხვისას, სწორედ ამ ადგილებმა დამაინტერესა და შევყევი მათ შესახებ ინფორმაციის ძიებას. მხოლოდ ერთზე მოგითხრობთ, მაგალითისთვის.
გრაიფენბერგის ქარის წისქვილის ისტორია და ახალი სიცოცხლე
ქარის წისქვილი 1830 წელს აშენდა და ცხადია, იმ დროის წისქვილთმშენებლის გვარი დღესაც იციან. 10 მეტრის სიმაღლის ხის ნაგებობა 1938 წლამდე, ანუ საუკუნეზე მეტ ხანს, მარცვლეულის საფქვავად მუშაობდა. მერე იქვე ინდუსტრიული წისქვილი აშენდა და ძველმა ფუნქცია დაკარგა. ომმა, ომის შემდგომმა პერიოდმა და დაბალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა წისქვილის ეტაპობრივი განადგურება გამოიწვია და 2006 წელს სულ ჩამოინგრა. ამასობაში, 1992 წელიდან, მოქმედებს ბერლინ-ბრანდერბურგის ისტორიული წისქვილების დაცვის ასოციაცია, რომელსაც სწორედ ძველი ქარის, წყლის და ელექტრო წისქვილების შენარჩუნება და გადარჩენა განუზრახავს. 2011 წლისათვის მთლიანად ნანგრევებად ქცეული გრაიფენბერგის ქარის წისქვილის აღდგენის, ფაქტიურად, თავიდან აშენების ინიციატივა სწორედ წისქვილების დაცვის ასოციაციის დახმარებით გაჩნდა და გრაიფენბერგის წისქვილის მხარდამჭერი კავშირიც შეიქმნა. კავშირმა სარესტავრაციო ფონდების მოძიება დაიწყო და წისქვილის ეტაპობრივი აღდგენაც შეძლო. ბერლინ-ბრანდერბურგის ისტორიული წისქვილების დაცვის ასოციაციის წევრები სწორედ ის ადგილობრივი კავშირები არიან, რომლებიც სოფლისა თუ თემის დონეზე იცავენ წისქვილებს და ამ ნაგებობების ახალ სიცოცხლეზე, ანუ კულტურისა და ტურიზმის სერვისების განვითარებაზე ზრუნავენ.
გრაიფენბერგის ქარის წისქვილისათვის ფულის შეგროვება გრძელდება; წისქვილის ფრთები ჯერ კიდევ აღსადგენია, სოფელში ძალიან უნდათ, რომ ფრთებმა იტრიალოს. შემომწირველების სია კი, წლების მიხედვით დახარისხებული, წისქვილის ვებ-გვერდზეა გასაჯაროებული. წისქვილზე მზრუნველ კავშირს ადგილობრივი ბიუჯეტიც ეხმარება, მიწის ბიუჯეტიც, ცენტრალურიც და ბიზნესიც, მოქალაქეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
გრაიფენბერგის ქარის წისქვილი დღეს არა მარტო კონცერტებს, არამედ ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს და არც დამთვარიელებლების ნაკლებობას უჩივის.
ესეც ძველი შენობების ახალი სიცოცხლე.
ქორინის მონასტერი და ქორინის მუსიკალური ზაფხული
დროში აცდენის გამო უკერმაკის მუსიკის კვირეულის ვერც ერთ ღონისძიებას ვერ დავესწარი. მასპინძლებმა მეზობელ რაიონში, შუა საუკუნეების ქორინის მონატერში წამიყვანეს კლასიკური მუსიკის კონცერტზე. მონასტერი 1817 წლისათვის ნანგრევებად ყოფილა ქცეული. პრუსიელ არქიტექტორსა და მხატვარს, კარლ ფრიდრიხ შენკელს, ამ ნანგრევების დანახვაზე იდეა გასჩენია, მსგავსი ნაგებობები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აღედგინა და გადაერჩინა, რათა შემდეგი თაობებისთვის შემოენახა. მონასტერი, რომელიც დღეს მოქმედი არ არის და მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, მართლაც უამრავ მნახველს იზიდავს და აღაფრთოვანებს დღემდე. აქ მუზეუმიც არის განთავსებული, მცირე კაფეც, გარშემო დიდი ტყე-პარკით და რაც მთავარია, საკონცერტო სივრცით კლასიკური მუსიკისათვის. სწორედ აქ ჩატარდა ფესტივალის – „ქორინის მუსიკალური ზაფხული“ – ერთ-ერთი კონცერტი. ფესტივალი ქორინის მონასტერში 1964 წლიდან ტარდება. ამ ფესტვალის დამსახურებაცაა ქორინის მონასტრის სახელის უფრო ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. მონასტრის ერთ-ერთ ფლიგელში მოწყობილი სცენის წინ სკამები ხომ შეივსო და მთელი მონასტრის ეზოც. ოჯახები, მეგობრები, ადამიანები ჯგუფებად მოსულები, თავიანთი სკამებით და საპიკნიკო აღჭურვილობით. ფესტივალს თავისი მუდმივი მსმენელი ყავს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს იზიდავს. ქორინის მონასტერზეც და ფესტივალზეც შესაბამისი სამოქალაქო გაერთიანებები, კავშირები ზრუნავენ. დაფინანსების წყაროები კი აქაც დივერსიფიცირებულია: მოქალაქეები, ადგილობრივი, მიწის და ცენტრალური ბიუჯეტები და კერძო ბიზნესი.
ესეც კიდევ ერთი ძველი შენობის ახალი სიცოცხლის ამბავი.
საკუთარის გაზიარების და გაზიარებული პასუხისმგებლობის შესახებ
კიდევ ერთი, რამაც პორაცში სტუმრობისას გამაკვირვა, სირაქლემების ფერმა იყო („აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო შენა“). უზარმაზარი კერძო ტერიტორია, სადაც ოჯახმა სირაქლემები, ბატები და თხები გაამრავლა. ხორცს ხორცად ყიდიან და პატარა მაღაზია-კაფეც ჩადგეს და ბავშვებისათვის სათამაშო სივრცეც მოაწყვეს. გამაკვირვა იმან, რომ ამ კერძო საკუთრებაში, სადაც ბავშვი ძალიან კარგად და შემეცნებითად გაატარებს დროს, შესვლა უფასოა. მეპატრონეებს ეზოს ჭიშკარი ფართოდ გაუღიათ და მიდი და ისეირნე, არავინ დაგდევს სალარო აპარატით ხელში.
ფერმიდან გამოსულს მთელი დღე ფიქრი მომყვება: საკუთარი მიღწევების გაზიარების, განაწილების და ასევე, პასუხიმგებლობის აღების კულტურა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, რასაც გერმანული საზოგადოება ეყრდნობა. მასპინძელი კიდევ ერთ ამბავს მიყვება გზაში: სოფელში მათი მეზობელი უმდიდრესი კაცი ყოფილა, სასტამბო ბიზნესი ჰქონია დასავლეთ გერმანიაში და მისი ქონებაც რამდენიმე მილიონს ითვლის. გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, გადაუწყვეტია, რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა ე.წ. „ახალი მიწების“ მცხოვრებლებისათვის. გაუყიდია თავისი ბიზნესი, უყიდია სახლი პორაცში და იქვე ახლოს უზარმაზარი ბიო-მეურნეობა აუწყვია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა. თავს ვალდებულად გრძნობდა და ვალის მოხდის ასეთი ფორმა მოიფიქრა: აწყობილი საქმე დათმო, ახალს შეეჭიდა ახალ და უცხო ადგილას, იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები შეექმნა და ადამიანებს გვერდში დადგომოდა. ასეთი მაგალითი ბევრია და მრავალნაირი. მაგალითად, შარშან გერმანელი ქალი გავიცანით, რომლის მამაც ოდესღაც სამხედრო ტყვე იყო საქართველოში. ჭიათურის ბანაკში ყოფილა რამდენიმე წელი. ბეტინამ, საქართველოში რომ ბავშვთა სოფელია (SOS Kinderdorf), იმას ფულს ვურიცხავ სისტემატურადო; ამით მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მიმართ. მამაჩემს ტყვეობის დროს ძალიან ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობაო.
ვითომ არაფერი? მე კიდევ მგონია, რომ ძალიან დიდი ამბავია. მადლიერება, პასუხისმგებლობა, მისი განაწილება, გაზიარება, ჭიშკრის გაღება და საჯარო სივრცის შექმნა შენს კერძო ტერიტორიაზე, – ამ ყველაფრის გამო გერმანიას განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ.
დაბოლოს…
ძველი შენობების ახალი სიცოცხლისა და კულტურის დეცენტრალიზებული პროგრამების გერმანული მაგალითები იმდენად ბევრია, აღწერა რომ მოინდომო ადამიანმა, ვერ შეძლებ, ვერ აუხვალ. აქვე, უკერმარკში, სხვა მუსიკალური ფესტივალებიც ტარდება, მათ შორის, კამერული მუსიკის. საკონცეტრო დარბაზად კი ძველ სამხედრო აეროდრომზე შემორჩენილ ანგარებს იყენებენ.
ანგარის კონცერტების დეტალებს აღარ მოვყვები და ისევ ჩვენებურ, დაცარიელებულ, უფუნქციობისგან ნგრევის პირას მისულ შენობა-ნაგებობეზე ვფიქრობ. ის კერძო, საზოგადოებრივი ჯგუფებიც მახსენდება, რომლებსაც ამ შენობების ნაწილობრივი ათვისება და გამოცოცხლება შეუძლიათ. ამისათვის კი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო და მიზანზე ორიენტრებული თანამშრომლობაა საჭირო; ასევე, უფრო მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული მოხელეები და საზოგადოებრივი ჯგუფები. თუ როგორი შეიძლება იყოს თანამშრომლობის ფორმატები და რა უნდა გავაკეთოთ ამ ძველი ინფრასტრქუტურისა და კულტურის, ტურიზმისა და განათლების სერვისების საკითხების დაკავშირებისათვის, ცალკე მსჯელობის ამბავია.
P.S. ამ ბლოგს ვწერდი და მარიკა ლაფაური-ბურკის პოსტს გადავაწყდი სოციალურ ქსელში. ნახევრად დანგრეული ძველი კოშკის ფოტოები ედო წარწერით: „კისისხევის ქობულაშვილების ციხე-წისქვილი. ასე ვიცი, რომ ერთადერთია საქართველოში ციხის სახით. ამ ადგილის ასაღორძინებელი საფესტივალო იდეები კაი ხანია მაქვს. წინანდალ-თელავთან კარგი ბმა შეიძლება შინაარსობრივი“. ასეა, თუ მუნიციპალიტეტებში, სოფლებში კულტურის პროექტებით გიმუშავია და ევროპულ გამოცდილებასაც იცნობ, ფიქრიც შეიძლება საერთო განზომილებაში (მეტი ამ საკითხებზე იხილეთ რადიოგადაცემა.