აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ინტეპრესნიუსი ავრცელებს.
როგორ აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის რეგულირებას უკავშირდება.
“შესაბამისი დადგენილების პროექტი – საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა – ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინა”, – აცხადებენ უმაღლეს საბჭოში.