სამგოროს რაიონში სპორტულ და დასასვენებლ სივრცეებს აწყობენ

920

სამგოროს რაიონში სპორტულ და დასასვენებლ სივრცეებს აწყობენ. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება, სადაც ხელოვნურსაფარიანი მოედანი 540 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. დამონტაჟდება კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათების სისტემა. ასევე, სპორტულ მოედანთან მოეწყობა ტრიბუნა”, – განმარტავენ გამგეობაში.

სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “დანი კონსტრაქშენი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 89 112 ლარია.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალი სკვერის მოწყობა იწყება ხომლელის ქუჩაზე, N3 და N4 კორპუსების მიმდებარედ. 300 კვ.მ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, ასევე, სკამები და ურნები დაიდგმება. დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. სკვერის მოწყობის სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “ალგე ჯგუფი“ შეასრულებს.